პასქა უფლისა
ჩვენი სარწმუნოება - ეს არის რწმენა ქრისტეს აღდგომისა!
ჩვენთვის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მთავარი მოვლენაა, მთელი სამყაროს ცხოვრების გულისგულია, რადგან ამ დღეს დამთავრდა ამქვეყნად სიკვდილის ბატონობა!
როგორ? განა ყველა ადამიანი არ კვდება ოდესმე? - იკითხავ შენ.
დიახ, ადამიანები ვკვდებით, მაგრამ ქრისტეს აღდგომის ძალით შეგვიძლია აღვდგეთ მკვდრეთით, გავიმარჯვოთ სიკვდილზე!
ყველამ ვიცით, რომ ადამიანებმა იესო ჯვარს აცვეს და მოკლეს, ის კი მესამე დღეს ცოცხალი გამოვიდა საფლავიდან.
მაგრამ აღდგომა მხოლოდ გაცოცხლებას არ ნიშნავს!
აღდგომა კიდევ აღდგენას ნიშნავს და ეს ადამიანისთვის სამეფო პატივის აღდგენაა. ადამიანი ხომ სამყაროს მეფედ, პატრონად და მცველად დაადგინა ღმერთმა, მან კი მეფობა ცოდვაში გაცვალა.
და აი, ღმერთი თავისი მიუწვდომელი სიმაღლიდან ჩამოდის განწირულ სამყაროში, რათა გადაარჩინოს, გამოიხსნას იგი ცოდვისაგან, სიკვდილისაგან - იესო სწორედ მხსნელს, გადამრჩენელს ნიშნავს.
იესო არც ანგელოზთა ურიცხვ ლაშქარს ამხედრებს ბოროტებასთან შესაბმელად, არც კოსმოსის ძალებს აღძრავს მის გასანადგურებლად, ის ადამიანთა გადარჩენას არავის ავალებს, თვითონ ჩამოდის მიწაზე, ოღონდ არა როგორც ყოვლისმპყრობელი და ძლევამოსილი, არამედ მშვიდი და მდაბალი, მორჩილი და მოწყალე.
სწორედ ქრისტეს აღდგომა გვანიჭებს რწმენას, რომ სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია, სიცოცხლე და სინათლე მეტია სიკვდილსა და სიბნელეზე, რა შეიძლება იყოს ამაზე სასიხარულო!
ნანა ჩარკვიანი გაზეთი„ალილუია“ 8(88)2008
|