გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა
ანუ აღხსნა ეფრემ ასურის ლოცვისა,
მოძღვრება პირველი
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვილველობისასა, მთავრობის- მოყვარებისა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.
განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, ყოველ-დღე წირვაზედ, ლოცვაზედ, მწუხრზედ და ცისკარზედ არა ერთ-გზის გესმით თქვენ, ძმანო ქრისტიანენო, მოკლე ლოცვა: უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო... ამ ლოცვას ასე ხშირად წმიდა ეკკლესია მისთვის განიმეორებს წირვა-ლოცვაზედ, რომელ იგი არის ფრიად საჭირო და სასარგებლო ყოველთა ქრისტიანეთათვის. ვინც კარგად გაიგებს აზრსა ამ ლოცვისასა და ეცდება, რომ შეითვისოს იგი და მერმე აღასრულოს თავის ცხოვრებაში, ის მიიღებს დიდს სულიერს სარგებლობას. ამისთვის მსურს განგიმარტო ანუ აღგიხსნა, ძმანო ჩემნო, ეს მოკლე ლოცვა. სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი ეს ლოცვა: პირველს მუხლში ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეება და ცუდად მეტყველება. უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა, მიმომწვლილველობისასა, მთავრობის-მოყვარეებისა და ცუდად-მეტყველებისა ნუ მიმცემ მე. მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული: ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მონასა შენსა. ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა: ჰე უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდად თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ-ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. დღეს ვსთქვათ, ძმანო, პირველ მუხლზედ. რა არის, ძმანო ჩემნო, სული უქმობისა? სული უქმობისა ის არის, როდესაც კაცს არ უყვარს შრომა და მუშაკობა, არამედ უყვარს ცუდად ყოფნა, ანუ უსაქმოდ განტარება თავის დროებისა. მაშასადამე სული უქმობისა აქვს ზარმაცს და მცონარე კაცსა. დიდი და საშინელი ცოდვა არის, ძმაო ჩემო, ზარმაცობა ანუ ცუდად დროების დაკარგვა. ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისთვის. საღმრთო წერილში თქმულ-არს: ვინც არ მუშაკობს, იმან პურიც არ უნდა სჭამოსო. მართლა, ვინც არ მუშაკობს, იგი არ არის ღირსი, რომ სჭამოს პური, მისთვის რომელ ყოველმან კაცმან თავის ხელით უნდა შეიძინოს თავისი საზრდო; მაშა-სადამე ვინც არ მუშაკობს, იგი სჭამს სხვის ნამუშაკევს და ამით დაემგზავსება ქურდსა. რომლისათვისცა უქმობა არის საშინელი ცოდვა, მდგომარეობს მას შინა, რომელ უქმი კაცი უადვილესად შთავარდება ყოველსა ცოდვასა შინა, ვიდრე კაცი შრომის-მოყვარე. მოხუცებულნი და გამოცდილნი კაცნი ესრედ იტყვიან: უქმობა არის დედა ყოველთა ცოდვათაო. რა სახით? ესრედ რომელ კაცი, რომელიც ყოველთვის არის გაბმული საქმეში, ყოველ დღე შრომობს, მუშაკობს და არაოდეს არა აქვს მოცალება, ესრეთი კაცი ვერც მოიფიქრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, ვერც აღასრულებს, მისთვის რომელ დრო არა აქვს, მოცლილი არ არის. გარნა კაცი უქმი ადვილად შთავარდება ყოველს ცოდვაში, ვინაითგან მოცლილი არის და ადვილად გაუჩნდება გულში ცუდი რომელიმე აზრი, ადვილად აცდუნებს მას სულიერი მტერი და ადვილად მიიზიდავს ყოველი ბოროტი კაცი ცუდს საქმეში. მაშასადამე, ეცადენითYთქვენ, ძმანო ჩემნო, რომ ცუდად არ დაკარგოთ არცა ერთი წამი. თუ გსურს, ძმაო, შეიტყო, რა კარგი და საქები არის კაცი შრომის-მოყვარე, წარმოიდგინე: ოდესცა შენ კარგად იმუშავებ დილითგან საღამომდის, მაშინ გიხარიან და მადლობ ღმერთსა, და თუ რომელიმე დღე უქმად განატარე, იმ დღეს შენ თვითონაც მოწყენილი ხარ; მაშასადამე, ეცადე და შეიყვარე შრომა და მუშაკობა. მართალი უნდა გითხრა: თქვენ, ამ მთებში მცხოვრებთ, არ გიყვარსთ მუშაკობა და შრომა ისრე, როგორც სხვა ხალხთა უყვარსთ. თქვენ მრავალ დღეს კარგავთ უქმად; დასხდებით და დაიწყებთ გრძელს საუბარს, რომელიც ყოვლად უსარგებლო არის, ვგონებ ამისთვის ხართ ესრედ ღარიბნი, ცოლ-შვილი შიშვლად გყავსთ, ხშირად საჭმელი გაკლიათ. გარნა კარგად რომ მუშაობდეთ, უქმად დროს არ კარგავდეთ, მაშინ დარწმუნებულნი უნდა იყვნეთ, - არ იქმნებოდით ისრე ღარიბნი. მეორე ცოდვა, რომელიც იხსნება პირველს მუხლში, არის მიმომწვილველობა, ანუ, სხვა-ფერ ვსთქვათ, მოწყინება. მოწყინება ის არის, ოდესცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავის თვი, ანუ რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვა, ძმანო ჩემნო, კაცს ხშირად დაემართება ეშმაკის მანქანებისაგან; მაგალითებრ: ზოგ-ჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ხანდისხან კიდევ ზოგიერთს კაცს მოეწყინება თავის სიცოცხლე, იფიქრებს: რა სიცოცხლე არის ჩემი სიცოცხლეო; ამაზედ იწყებს მწუხარებას და დრტვინვას. ესეც დიდი და მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო; პირველად მისთვის, რომელ ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ფრთხილ, სულგრძელ. კაცს ღმერთმან მისცა ყოველივე, რაც საჭირო არის მის ბედნიერებისათვის, ესე იგი ჭკუა, სიმართლე, ქვეყანა. ვინც კარგად მოიხმარებს ღვთის ნიჭსა, ესე იგი ვინც კარგად ირჯება, ცდილობს, მუშაობს, - ის არ შთავარდება მოწყინებაში. თუ შეემთხვია მას რომელიმე ზარალი, ანუ უბედურება მაინც სულგრძელ არს და მალე გამოვა იმ ზარალითგან. მაშასადამე მოწყინება დაემართება მხოლოდ იმ კაცს, რომელიც არის ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ცუდი ყოფა-ქცევისა. მეორედ, მოწყინება მისთვის არის ცუდი და მავნებელი ცოდვა, რომელ იგი კაცს შთააგდებს კიდევ სხვათა ცოდვათა შინა: ვისაც გულში აქვს მოწყინება, იგი ხშირად დრტვინავს ღმერთზედ და ამით დიდად სცოდავს; მას დაეკარგება სასოება ღმერთზედ. რადგანაც ესრეთი ცუდი და მავნებელი ცოდვა არის მოწყინება, მაშასადამე ოდესცა გულში გაგიჩნდება იგი, მაშინვე ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან. ქრისტიანე ყოველთვის უნდა იყოს მღვიძარე, ყოველთვის ღმერთზედ სასოება უნდა ქონდეს. – ამინ
|