არის ღირსშესანიშნავი თარიღები, რომელთა მოახლოება იწვევს ტრადიციულ დავას ამ მოვლენის მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციის გამო. მაგალითად, შობის დღესასწაულისა და ახალი წლის დღეებში უკვე ვიცით, რომ პრესაში აუცილებლად გამოჩნდება სტატიები კალენდრის ძველი და ახალი სტილის უპირატესობა-ნაკლულევანების შესახებ. ცოტა ხანიც და გვიახლოვდება „ვალენტინობაც" თავისი ჯერ კიდევ გაუბედავი მოლოცვებით.
მაგრამ ამგვარი „სიყვარულის დღესასწაული" არც მართლმადიდებლურ და არც კათოლიკურ ეკლესიას დაუწესებია მიუხედავად იმისა, რომ 14 თებერვალს იქ მართლაც აღინიშნება მესამე საუკუნეში მცხოვრები წმინდა მოწამე ვალენტინე ინტერამელის ხსენება (ამავე წმინდანის ხსენებას მართლმადიდებლები ახ. სტ. 12 აგვისტოს აღნიშნავენ). რომის ეკლესიისათვის მამაკაცსა და ქალს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის თემა „წმინდა ოჯახის" დღესასწაულზე (რომელიც მარტში აღინიშნება) უფრო ხდება აქტუალური. რაც შეეხება 14 თებერვალს, ამ დღეს კათოლიკები უფრო ხშირად კირილესა და მეთოდეს ხსენებას ზეიმობენ.
ამბავი, რომლის მიხედვითაც წმინდა ეპისკოპოსი ვალენტინი არღვევდა კლავდიუს II-ის ბრძანებას სამხედრო სამსახურში მყოფთა ქორწინების აკრძალვის შესახებ და შეყვარებულ წყვილებს ფარულად აქორწინებდა, თვით კათოლიკური ეკლესიის მიერ მხოლოდ ლეგენდად მიიჩნევა - იმ დროს ქორწინების ქრისტიანული რიტუალი ჯერ არც იყო შემუშავებული.
ამასთან, „ვალენტინობას" უკავშირებენ სხვადასხვა წარმართულ დღესასწაულებსა და ხალხურ ჩვეულებებს. ერთ-ერთი ვერსიით, იმ დღეეებში რომში პატივს მიაგებდნენ ქალღმერთ იუნონას (შეყვარებულ წყვილთა მფარველს) და შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს გადასცემდნენ. ქრისტიანებმა გადაიღეს ეს ჩვეულება, ოღონდ ბარათებზე წმინდანთა სახელებს წერდნენ. ამიტომაც დაუკავშირდა წმინდა ვალენტინის სახელი ამ დღეს - ამ დროს ხომ მისი ხსენება იყო.
სხვა ვერსიით, ამ დღეს რომში ზეიმობდნენ ლუპერკალიას, „მძაფრი სიყვარულის" ქალღმერთ იუნო ფებრუატასადმი მიძღვნილ ეროტიზმით გამორჩეულ დღესასწაულს, რომლის დროსაც ახალგაზრდები შეყვარებულებს ირჩევდნენ.
ზოგი თვლის, რომ თებერვლის შუა რიცხვებში სიყვარულის დღის დაწესება დაკავშირებულია იმ ხალხურ დაკვირვებასთან, რომლის მიხედვით ფრინველები და საქონელი სწორედ ამ პერიოდში წყვილდებიან. ზემონახსენები ლუპერკალიებიც, ანუ „მგლისაგან დაცვის" დღესასწაულებიც სწორედ საქონლის გამრავლება-შენარჩუნებისათვის იმართებოდა. ამ დროს ქალიშვილები ცდილობდნენ, მიეღოთ წარმართული კულტის მსახურების სპეციალური მათრახის - „ფებრუის" (რომლის სახელი თვესაც შეერქვა) დარტყმა, რაც მათ ვითომდა იღბლიან სიყვარულს, ბედნიერ ოჯახს და გამრავლებას უქადდა.
მერედა, რა არის ცუდი იმაში, რომ წარმართული დღესასწაულის ინერცია ქრისტიანულ ჩვეულებაში გატარდა? განა ასე არ მოხდა მზისადმი მიძღვნილი წარმართული დღესასწაულის თარიღზე ქრისტეშობის დღესასწაულის დაწესების დროც? შესაძლოა, იკითხოს მავანმა.
ჭეშმარიტი სიყვარულის გამჟღავნება დაკვეთით - გარკვეულ დღეს არ უნდა ხდებოდეს. „ვალენტინობაა"? მიულოცე. რვა მარტია? მიულოცე სიყვარულის ნორმატივები ჩაბარებულია.
მაგრამ თუ პირად რწმენას საეკლესიო დღესასწაულების საშუალებით სჭირდება განმტკიცება? მართალია, ამ თარიღების განცდისას ჩვენ, პირველ რიგში, სულიერი სიხარულით ვივსებით და არ ვაკონტროლებთ, გავიზარდეთ თუ არა რწმენაში. მაგრამ შობის აღნიშვნა ხომ ჩვენთვისაა საჭირო და არა - ქრისტესთვის? მაშ, რა არის ცუდი იმაში, რომ გარკვეულ დღეს შენს რჩეულს კიდევ ერთხელ უდასტურებ სიყვარულს? ეს ხომ არ გამორიცხავს ამ სიყვარულის სხვა დროსაც გამჟღავნებას. მართალია, ეს საქციელი არ იგეგმება, ამ დღეს კი შენი რჩეული შენგან განსაკუთრებულ ყურადღებას ელის, მაგრამ რა არის ამაში ცუდი? ეს ერთგვარი ტესტია იმისა, თუ ფანტაზიის რა დოზას აღძრავს შენში სიყვარული. ხელოვნების უბწყინვალესი ნიმუშები დაკვეთით შექმნილა. მერედა რა არას ამაში დასაძრახი? ამგვარი დღესასწაული, როგორც დღეს იტყვიან, „საზოგადოების დაკვეთაა".
მართლაც, დღევანდელი ახალგაზრდობა ეშურება ყოველი ახალი „საზეიმო დღის დაწესებას". რამდენიმე წლის წინ თინეიჯერთა ჟურნალ „ვარსკვლავების" რედაქტორმა ასეთ ალტერნატიულ „სიყვარულის დღედ" საკუთარი დაბადების დღე გამოაცხადა. და მისმა ამ ინიციატივამ მომხრეებიც საკმაოდ შემოიკრიბა.
თითქოსდა, ახალი აღთქმაც გვიდასტურებს ისეთი დღეების აღნიშვნის მიზანშეწონილობას, რომლებიც სარწმუნოებასთან არ არის დაკავშირებული - თუნდაც იმ მხრივ, რომ კვირის პირველ დღეს კარგია მოწყალების გაღება. იქნებ სიყვარულის გამჟღავნებაც კვირაში ერთხელ დავთქვათ? დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ გამოწვევასაც გაამართლებს.
საქმე ისაა, რომ კვირა დღეს მოწყალების გაღება მაცხოვრის ჩვენდამი უმაგალითო მოწყალებას გვახსენებს და ამ საქციელში ჩვენ ცოტათი უფალს ვემსგავსებით. ჩვენს მოწყალებასაც - ჩვენს მსხვერპლს უფალს, როგორც „მცირეთაგანს" ვანიჭებთ. ბევრ ქართველ მორწმუნეს ეხსომება ჩვენი პატრიარქის ადრინდელი კურთხევა შაბათ დღეს მოწყალების გაღების შესახებ. უნდა გამოვტყდე, რომ მაშინ ერთგვარი პროტესტიც კი გამიჩნდა - ვფიქრობდი: რატომ უნდა გავცე მოწყალება მაინც და მაინც დანიშნულ დღეს? მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს კურთხევა კიდევ ერთ დღესასწაულად შეიძლება მივიღოთ - მაცხოვარი ხომ ხშირად სწორედ შაბათობით, იუდეველთათვის უქმე დღეს, რჯულზე სიყვარულის აღმატებულობის დასადასტურებლად იქმოდა კურნებებს.
ამგვარად, ქრისტიანული დღესასწაულები ქრისტესა და მის წმინდანებს კიდევ ერთხელ გვაზიარებს. „ვალენტინობას" კი ამგვარი საფუძველი არ გააჩნია. ტრადიციული ქრისტიანული დენომინაციების მიერ იგი საეკლესიო დღესასწაულად არ მიიღება.
მართალი გითხრათ, „ვალენტინობის" აღნიშვნას ვერ ვითავისებ სხვა მიზეზითაც: იგი იმ სამყაროს შემოთავაზებაა, სადაც, თითქოსდა, უფრო რომანტიკული და ძლიერია ქალ-ვაჟის სიყვარული, რამაც გამოიწვია კიდეც, ჩვენგან განსხვავებით, ეს დღესასწაული. არ მინდა, რომ ეს ასე იყოს. და თუ ეს ასეა, იმით მაინც ვინუგეშოთ თავი, რომ ჯერ არ დაგვჭირვებია „სიკეთის", „მეგობრობის" და სხვა ამგვარი დღესასწაულების ექსპორტი.
ხომ არ არის „ვალენტინობა" იმ მომძლავრებული „ტრადიციის" გამოძახილი, რომელიც გარშემომყოფთათვის სულ უფრო დაუფარავს ხდის ქალ-ვაჟის სიყვარულს? დღეს ახალგაზრდები სიამაყით აცნობენ თავიანთ შეყვარებულებს მშობლებს, მასწავლებლებს, ნათესავებს. კარგად ვერც ავხსნი, მაგრამ მგონი ისეთ პირადულ, ინტიმურ გრძნობას, როგორიც ქალ-ვაჟის სიყვარულია, მართლაცდა, „მალვა უნდა". გახსოვთ დოჩანაშვილის „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება?". მწერალი მიიჩნევს, რომ სამშობლოს სიყვარულსაც დაფარვა სჭირდება. მე გავკადნიერდები და ვიტყვი: ღვთის სიყვარულსაც დაფარვა სჭირდება - როდესაც თანამოაზრეთა შორის არ იმყოფები და არც არავინ გედავება რწმენაში. ტაძარს პირჯვრისწერით, წმინდა ადგილებს თაყვანისცემითა და ამბორით მიეახლები, მაგრამ შენი მომლოცველობის შესახებ მავანს სატელევიზიო კლიპის გადაღების უფლებას არ მისცემ. ღმერთმა გვიშველოს ყველა შეცდომილს!
არ გამოვრიცხავ, რომ „ვალენტინობა" უხამსი „სიყვარულის" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. გაიხედეთ, რა ხდება: ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოშიგნული სიყვარულის ამსახველ ილუსტრაციებს ვაწყდებით (მადლობა ღმერთს, რუსული ფრაზა „სიყვარულით დაკავება" ჯერ ქართულად არ თარგმნილა). მაგრამ არც საწინააღმდეგო მოტივს გამოვრიცხავ: „ვალენტინობა" ზოგიერთებისთვის, რიო დე ჟანეიროს კარნავალის მსგავსად (რომელიც ხშირად ამავე დღეებში იმართება), „სიყვარულით დაკავების", ქორწინებამდე სექსის საბაბად ხომ არ იქცევა?
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლისადმი სიყვარულის კიდევ ერთი გამომჟღავნება ყოველთვის სიხარულით და მადლიერებით აღიქმება, „ვალენტინობა" უფრო მეტად ქორწინებაში არმყოფ შეყვარებულთა დღეობაა, რადგან მათ უფრო ესაჭიროებათ სიყვარულის დასტური, სიყვარულისა, რომელიც ჯერ კიდევ არაა მადლისმიერი კავშირით აღბეჭდილი; ხშირად კი ასეთი კავშირი არცაა მიზნადდასახული. ბევრ ახალგაზრდას დღეს, გაცნობიერებული აქვს, რომ სიყვარული თვალუწვდენელ პერსპექტივაში მიმავალი პასუხისმგებლობაა?
ეკლესია ცოლქმრულ ცხოვრებას წმინდა კავშირად მიიჩნევს. გვირგვინები, რომელსაც ნეფე-პატარძალს ტაძარში უკურთხებენ, მოწამეთა გვირგვინს ნიშნავს, რადგან ქორწინება ღვაწლია, რომელშიც ჭეშმარიტი, განსაცდელზე გამარჯვებული სიყვარული გამოიბრძმედება.
აღინიშნება კი ეკლესიის მიერ ქრისტიანული ოჯახისდღე? რუსეთის ეკლესია ასეთად წმინდა პეტრესა და თებრონიას ხსენების დღეს მიიჩნევს. ხშირად ამგვარ დღესასწაულად წმინდა ადრიანესა და ნატალიას ხსენებას უკავშირებენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი საოჯახო დღესასწაულიც - ჩვენი ქორწინების დღე, რომლის საზეიმო აღნიშვნას, მსგავსად დაბადების დღისა, ეკლესია, ცხადია, არ გვიკრძალავს.
მაგრამ კრძალავს კი ეკლესია „ვალენტინობის" დღესასწაულს? მრავალი მართლმადიდებელი იერარქი გადაჭრით უარყოფს ამ ტრადიციას. ცნობილი რუსი მისიონერი, დიაკონი ანდრია კურაევი კი ვერაფერ დასაძრახს ვერ ხედავს ამ დღესასწაულში. ორიგინალურია რუსეთის საპატრიარქოს საქმეთა მმართველის, მიტროპოლიტ კლიმენტის ახლახან გაკეთებული განცხადება. მასში დაგმობილია „რუსული კულტურისთვის შეუფერებელი" 14 თებერვლის დღესასწაული და ამ დღეს მართლმადიდებლური ოჯახის დღის დაწესებაა რეკომენდირებული.
გაამართლებს კი იმ დღესასწაულის დაწესება, რომლის საკრებულო აღნიშვნა ეკლესიამ საჭიროდ არ მიიჩნია და პიროვნულ ინიციატივებს ანდო?
ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ „ვალენტინობა" საქართველოშიც უკვე შემდგარი დღესასწაულია. რატომ არ ვუსურვოთ ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა, შენარჩუნება, გაძლიერება - იმ შეყვარებულებს, რომლებიც გულწრფელად ულოცავენ ერთმანეთს ამ დღეს? მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს თავსმოხვეური დღესასწაულია სიყვარულის ნაკარნახევი გამომჟღავნებისა.
ხოლო სიყვარულის ჭეშმარიტი დღესასწაული, იმ დასაბამისეული სიყვარულისა, საიდანაც ყოველგვარი სიყვარული ამოიზრდება, დიდი პარასკევია, როგორც ადამიანისათვის ღმრთის თავდადების სიმბოლო.
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის მეორე დღეს სიყვარულის კიდევ ერთ დღესასწაულს აღნიშნავს - სამებობას; ხოლო საქართველოს ეკლესია გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის დღესასწაულსაც (16 ივლისს - ახ.სტ.) სიყვარულის დღედ მოიხსენიებს. ჭეშმარიტი სიყვარულით ერთობის აღსანიშნავად.
თამაზ გაბისონია გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №4, 2008 წ
|