საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი.
მამამისი, გიორგი ამილახვარი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო პირი იყო. 1921 წელს ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. 1921 წლამდე დიმიტრი ამილახვარი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა. 1922 წლიდან მისი ოჯახი პარიზში დასახლდა, 1926 წელს ამილახვარმა წარჩინებით დაამთავრა სან-სირის ცნობილი სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი თექვსმეტწლიანი სახელოვანი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. სამხედრო სასწავლებლის დასრულებისთანავე ლეიტენანტი დიმიტრი ამილახვარი განამწესეს უცხოური ლეგიონის იმ ბრიგადაში, რომელიც განლაგებული იყო ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა სიდი-ბელ-აბესში (ალჟირი) შექმნილ მე-13 ბრიგადაში. 1934 წელს დაინიშნა აგადირის ზემდეგთა პროფესიული მომზადების სკოლის უფროსად. ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნდა ფრანგულ და ქართულ ემიგრანტულ პრესაში.
1940 წლის მაის-ივნისში ამილახვარი იყო ნარვიკის ცნობილი ბრძოლის აქტიური მონაწილე, რისთვისაც სარდლობამ საბრძოლო ჯვრით დააჯილდოვა.
გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოური ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის ,,თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას.
1941 წლის მაისის დამლევს ქართველ ოფიცერს მიენიჭა უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ამასთანავე დაინიშნა ბრიგადის მეთაურად.
ამილახვრის ბრიგადამ უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია გერმანელი გენერლის ე. რომელის არმიას ბირ-ჰაკეიმის თხუთმეტდღიან ბრძოლაში (1942 წლის 26 მაისი - 10 ივნისი), რისთვისაც გენერალმა დე გოლმა ამილახვარი მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით დააჯილდოვა.
ამილახვარი გმირულად დაიღუპა 1942 წლის წლის 24 სექტემბერს ელ-ალამეინის ბრძოლისას და დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში.
სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა ,,საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. მისი სახელი მიენიჭა სან-სირის სამხედრო აკადემიის 1954 - 1956 წლების გამოშვებას. 2005 წელს საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადებიდან 100 წლისთავი, პარიზის ერთ-ერთ ქუჩას კი მისი სახელი ეწოდა.