თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ოციოდ კილომეტრზე მდებარეობს ბეთანიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი. ბეთანია ებრაული სიტყვაა და ქართულად სიგლახაკის სახლს ნიშნავს.
მონასტრის დაარსებასთან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: თავდაპირველად მონასტრის აგება მდინარის მეორე მხარეს, მაღალ მთაზე ჰქონიათ განზრახული. იმ მწვერვალზე მშენებლებს ქვებიც აუზიდავთ, მაგრამ მეორე დღეს ის ქვები იქ აღარ დახვედრიათ. დაუწყიათ ძებნა და ბოლოს საკმაოდ ქვემოთ, მთის ძირში უპოვიათ მინდორზე ერთად დაწყობილი. გულისხმაჰყვეს, რომ ეს ღვთის განგებით მოხდა და მონასტერი უფლისაგან მინიშნებულ ადგილას ააშენეს.
მონასტერი უკვე არსებობდა XI საუკუნეში. ბეთანიას ორბელთა გვარი მეურვეობდა. აქ იყო მათი საგვარეულო საძვალეც. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნეში უნდა აგებულიყო იმ ადგილას, სადაც უწინ X-XI სს-ის პატარა აგურის ეკლესია იდგა. ტაძრის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი ბერის სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში. მის ზემოთ მოთავსებული წარწერა გვამცნობს: �დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.
მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმიდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ეკლესია, რომელიც იოანე ორბელის მეუღლეს - რუსუდანს აუგია 1196 წელს. XIII საუკუნიდან კი ბეთანიის მონასტერი სამეფო კუთვნილებას წარმოადგენდა.