საკურთხი საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ ლოცვებს, ანთებს სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას.
საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.
რასაკვირველია, გარდაცვლილის სული საკვებს არ გეახლებათ; მას მადლით აღავსებს საკურთხის დროს აღვლენილი ლოცვები, მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზით გლახაკების დაპურება და მოწყალების გაცემა. ტრაპეზზე უნდა იყოს პური, ღვინო, ზეთი და კერძები, რომელთა გაკეთების სურვილიც მიცვალებულის ახლობლებს ექნებათ. მარხვის პერიოდში მხოლოდ სამარხვო კერძებს აკურთხებენ, ხსნილში კი სახსნილო ტრაპეზის მომზადებაც შეიძლება.
ზოგჯერ საკურთხს შინ აკეთებენ, სანთელს აანთებენ, საკმეველს შემოატარებენ და ღვინით მიცვალებულის შესანდობარს ამბობენ. ეს არ არის საკმარისი. საკურთხს იმიტომ ჰქვია საკურთხი, რომ ის იკურთხება, კურთხევას კი მხოლოდ სამღვდელო პირი აღასრულებს. ამ დროს აღევლინება პანაშვიდი და მღვდელი ღვთის სახელით შენდობას უგზავნის მიცვალებულის სულს. ამის გაკეთება ერისკაცს არ შეუძლია.
კურთხევის შემდეგ საკურთხს მეტწილად ტაძარში ტოვებენ და ნაწილი - ტაძრის მსახურთ, ნაწილი კი გლახაკებს ურიგდებათ. საკურთხის დროს ხშირად მიცვალებულის სახელზე შეწირულობასაც გაიღებენ შესაძლებლობის ფარგლებში.
ზოგ სოფელში არ არის ტაძარი და გარდაცვლილთა შინაურებს უჭირთ, საკურთხი ყოველთვის მეზობელი სოფლის ტაძარში მიიტანონ, განსაკუთრებით - ზამთრობით. კარგი იქნება, ასეთმა ადამიანებმა რომელიმე ტაძრის 40-დღიან მოსახსენიებელში შეიტანონ ახალგარდაცვლილი ახლობლის სახელი, რათა მღვდელმა 40 დღის განმავლობაში მოიხსენიოს ისინი. შეუძლიათ, მიცვალებულის სახელზე გასცენ მოწყალება, თვითონაც ეკლესიურად იცხოვრონ და სიკეთე აკეთონ.
|