ღირსნი: იოვანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი არიან მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის საქართველოს ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები. ვარაუდობენ, რომ იოვანეს ზეწოდება შავთელი, არის შავშეთელის (სოფელი შავშეთი) შემოკლებული ფორმა. იოვანეს, რომლის საერო სახელი უცნობია, ახალგაზრდობაში მიუღია უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეუსწავლია წმიდა მამათა თხზულებები და ღმრთისმეტყველება, ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია და ლიტერატურა.
ღრმად განსწავლული იოვანე თამარ მეფის მდივანი იყო. იგი ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო წმიდა მეფისა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სამეფო კარზე. შემდეგ კი "იქმნა მონაზონ და უწოდეს სახელი იოვანე". ღირსი იოვანე ვარძიის მონასტერში მოღვაწეობდა და აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. იოვანე მისი დროის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მწერალი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო.