ღირსნი: იოვანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი არიან მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის საქართველოს ცნობილი საეკლესიო მოღვაწეები. ვარაუდობენ, რომ იოვანეს ზეწოდება შავთელი, არის შავშეთელის (სოფელი შავშეთი) შემოკლებული ფორმა. იოვანეს, რომლის საერო სახელი უცნობია, ახალგაზრდობაში მიუღია უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეუსწავლია წმიდა მამათა თხზულებები და ღმრთისმეტყველება, ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია და ლიტერატურა.
ღრმად განსწავლული იოვანე თამარ მეფის მდივანი იყო. იგი ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი იყო წმიდა მეფისა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სამეფო კარზე. შემდეგ კი "იქმნა მონაზონ და უწოდეს სახელი იოვანე". ღირსი იოვანე ვარძიის მონასტერში მოღვაწეობდა და აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. იოვანე მისი დროის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მწერალი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო.
როდესაც ქართველთა ლაშქარი დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, მეფე თამარს ოძრხეში "ეახლნენ იოვანე შავთელი, კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღვაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი სალოსად წოდებული და წინასწარ-მცნობლობისა ღირს-ქმნილი. ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ლოცვითა ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად, და ყოველთა ღამეთა ლიტანიობდა და არა დაცხრებოდა".
ოძრეხში წირვის დროს ერთი სასწაული აღსრულდა - ღმრთისგან წინასწარ-მცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსმა "იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ყმა ყო ევლოგი ჭმუნივს სახედ და სამ-გზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ყელნი: "აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია". ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღმრთო გამოცხადება მიიღო.
ღირსმა იოვანემ მეფეს უთხრა: "უწყოდე, მეფეო, რომელ ჩვენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩვენებასა კეთილსა ვჰგონებ!". ევლოგი სალოსმა იოვანეს განუცხადა საიდუმლო – ღმრთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას – "მყის წარვიდა პირისაგან მათისა და დაიმალა".
წმიდა იოვანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობლად დაწერა "გალობანი ვარძიის ღმრთისმშობელისანი". მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა "აბდულმესიანი" (მესიის მონა).
ღირსი იოვანე შავთელი მშვიდობით აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში.
|