1993 წლის ზაფხულში იღუმენმა დამიანემ შენიშნა, რომ ხატის ფერები ჩამუქებულიყო. გადაწყვიტეს, მოეწვიათ რესტავრატორები ფერების ცვლილების მიზეზის დასადგენად. თუმცა 1 აგვისტოს, როცა ხატს მინა ჩამოხსნეს, ყველამ დაინახა, რომ ხატზე ფერები უცვლელი იყო, ხოლო მინაზე გადასულიყო ხატის მოვერცხლისფრო გამოსახულება.
დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი თავიდანვე არაერთგვაროვანი იყო. ერთი მხრივ, მორწმუნეებმა დიდი სიხარულით მიიღეს სასწაული, და არც არაფერში დაეჭვებულან. ხოლო ზოგიერთი კიეველი სწავლული კი დარწმუნებული იყო, რომ ეს მორიგი ფალსიფიკაციაა. მათ მოითხოვეს როგორც მინაზე გადასული გამოსახულების მრავალმხრივი გამოკვლევა, ისე თვითონ ხატისაც, რათა გამოეაშკარავებინათ სიცრუე. სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის, პოლიტექნიკური და სხვა სამეცნიერო ინსტიტუტების გამოკვლევები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ მიზნით ტაძარში მიიტანეს სპეციალური აპარატურა. სწავლულებმა მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა გამოთქვეს, თუმცა, ბოლოს დაასკვნეს, რომ მომხდარის ახსნა მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია. გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღია ნაცრისფერი გამოსახულება მინაზე ორგანული წარმოშობისაა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ყრმა მაცხოვრის ხელთუქმნელ გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც მუქ ფონზე ნეგატივად მოჩანს, ხოლო თეთრზე - პოზიტივად. ასეთია უკრაინელი მეცნიერების დასკვნა. თუმცა ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა, მაგრამ ერთზე ყველა შეთანხმდა: საქმე გვაქვს XX საუკუნის ერთ-ერთ სასწაულთან. ყველა ეს მოვლენა დაფიქსირებულია რეჟისორ ა.ლესოვის ვიდეოფილმზე „კიევის სასწაული“.
|