კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება. თომას კვირა
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.
მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.
ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.
უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.
წყარო: საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის იფიციალური საიტი.
|