| საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა |
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუცია მოხდა. ცარიზმი დაემხო. ქვეყანაში ვითარება ძალიან შეიცვალა. მმართველობა ხელში აიღო მენშევიკურმა პარტიამ. ქართული პოლიტიკური პარტიები საქართველოს ავტონომიაზე ალაპარაკდნენ. მათ სურდათ, ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციაში ფართო ავტონომიური უფლებები ჰქონოდა. მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში ვ. ლენინის ხელმძღვანელობით რუსეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა. ამჯერად მენშევიკური მთავრობა ბოლშევიკურმა შეცვალა. ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლშევიკური გადატრიალება არ ცნეს და საქართველოს რუსეთიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის ლოზუნგით გამოვიდნენ.
თავიდან შეიქმნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთიანი დამოუკიდებელი ფედერალური რესპუბლიკა, მაგრამ ამ სამი ქვეყნის ინტერესები იმდენად განსხვავდებოდა, გაერთიანება მალევე დაიშალა. იმავე დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი", რომელშიც ეწერა:
„- ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
- დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.
- საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა".
დამოუკიდებლობის აქტის დამტკიცების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა დაამტკიცა და თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დანიშნა. ერთი თვის შემდეგ იგი ნოე ჟორდანიამ შეცვალა.
დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი ჰიმნი, დროშა და გერბი სჭირდებოდა. ივ. ჯავახიშვილის კონსულტაციით ქართული სამფეროვანი დროშა შექმნა ცნობილმა მოქანდაკემ - იაკობ ნიკოლაძემ, ხოლო გერბი - იოსებ შარლემანმა. სახელმიფო ჰიმნი „დიდება" კი დაწერა კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ 2 წელი და 8 თვე იარსება. მიუხედავად მცირე დროისა, ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა: გატარდა ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმები, შეიქმნა ფულად-საფინანსო სისტემა, შემოიღეს ფულის ახალი ერთეული - ბონი.
1918 წლის სექტემბერში დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, საქართველოს მუზეუმი, საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა.
საქართველოს პირველ რესპუბლიკას მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა არსებობა. ქვეყნის სამხრეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი, გართულებული იყო ვითარება სომხეთთან. მაგრამ საქართველომ მოახერხა მდგომარეობის გამოსწორება - დაიბრუნა თურქეთის მიერ მიტაცებული მიწები და სომხეთთან ომშიც გამარჯვებული გამოვიდა. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სოხუმი და გაგრა დაიკავა და აფხაზეთი დედა-სამშობლოს შემადგენლობაში მოაქცია. წარმატებით დასრულდა აჭარის შემოერთებაც.
1919 წელს ჩატარდა პირველი საკანონდებლო ორგანოს - დამფუძვნებელთა კრების არჩევნები. 1919 წელს კი ჩატარდა საერთო-სახალხო არჩევნები. საქართველოს პარლამენტში გამარჯვება მოიპოვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, პარლამენტში მცირე ხმებით შედიოდნენ ასევე ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტური პარტიები.
1921 წლის 21 თებერვალს დამფუძვნებელთა კრებამ მიიღო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია განსაზღვრავდა საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებს, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობებს, ფინანსურ და ადმინისტრაციულ სისტემას. საგანგებო თავი ეთმობოდა ავტონომიურ ერთხეულებს და მათ სტატუსს ქვეყნის შიგნით. ასევე ცალკე მუხლით განსაზღვრული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი.
1921 წლის 26 იანვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ევროპის სახელმწიფოებმა სცნეს. საქართველოს დამოუკიდებლობა მთელმა მსოფლიო თანამეგობრობამ აღიარა.
გამოყენებული ლიტერატურა: „საქართველო არის ესე", ტ.8 გამომცემლობა „ციცინათელა"
|