იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის „ქველი“ ეწოდა.
ფარსმან II იყო იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის „ქველი“ ეწოდა. ტახტზე ასვლისთანავე, დაახლოებით 125 წელს, ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში. 130 წლისთვის მას თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა. სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა, რამაც რომი გაანაწყენა. რომის იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფეს მკაცრი წერილი გამოუგზავნა და რომში ჩასვლა უბრძანა, თუმცა ფარსმანმა იმპერატორს მტკიცე უარი განუცხადა. ადრიანე იბერიასთან ომს მოერიდა და მეფეს ძღვნად 50 რომაელი ლეგიონერი და ერთიც საბრძოლო სპილო გამოუგზავნა.
რომში ახალი იმპერატორის, ანტონიუს პიუსის, ტახტზე ასვლისთანავე ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის გაუმჯობესდა. იმპერატორის მიწვევა ფარსმანმა მიიღო და რომს ოჯახითურთ ესტუმრა. რომსა და იბერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოკავშირეობის შესახებ. მეფემ ამალითურთ რომის კოლიზეუმში ჯირითი გამართა, რამაც იმპერატორი ისე აღაფრთოვანა, რომ მან მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დაადგმევინა.
იბერიის სამეფოს გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. პართიის მეფემ ვოლოგეზ III 150–155 წლებში ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ და ორჯერვე სასტიკად დამარცხდა. მალე ფარსმანმა თავად ილაშქრა პართიაში, დაამარცხა ვოლოგეზIII და პართიის დედაქალაქი კტესიფონსაც კი აიღო.
როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, მეფე ფარსმან II დაახლოებით 170 წელს მოწამლა პართიელთა მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
|