წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი დაიბადა 1073 წლის 24 იანვარს. იმ დროს საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე იდგა. თურქ-სელჩუკების სულთანმა მელიქშაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოვანე ლიპარიტის ძე, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა… "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია. ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თჳთ სამეოცდამეთსხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით".
1089 წელს დავითის მამამ, მეფე გიორგიმ თავის თექვსმეტი წლის "მარტოშობილ ძეს… დაადგა გჳრგჳნი მეფობისა". "თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას… უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა".
დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გახიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ნამოსახლარებზე და შეუდგა ერის შეკრებას.
დავით მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება "ღმრთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა – რუისა და ურბნისისა". კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა. "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", – წერია ამ კრების ძეგლისწერაში.
დავით მეფე ზრუნავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული მონასტრების აღორძინებისათვის და კავშირი ჰქონდა იქ მოღვაწე მამებთან. დავითის დროს სინას მთის მწვერვალზე აიგო ქართული ეკლესია, დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო იერუსალიმისა და იმ დროს მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართულ მონასტრებს.
დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიმართა. ღმრთის წყალობას მინდობილი ქართველთა ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით. თურქთა სულთანმა მუჰამედმა ასიათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. თრიალეთთან შეება მტერს ქართველთა მცირერიცხოვანი მხედრობა და "შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა". თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს.
დავითის მოძღვარმა, გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განდევნეს.
"ძლევანი საკვირველნი" გრძელდებოდა, დავით მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. მეფეს გვერდით ედგა ღირსეული შვილი დემეტრე (ღირსი დამიანე ხს. 23 მაისს).
დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა, ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. დავითი კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. დავითის მეუღლე, გურანდუხტ დედოფალი ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის შვილიშვილი იყო.
ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე დავითი და გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, "აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა". დამწუხრებულმა მეფემ ორმოცდღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.
დავით მეფემ ყივჩაღთაგან შექმნა ორმოციათასიანი არმია. ამას ხუთიათასი ქართველიც მიემატა და მის განმგებლობაში მუდმივად იყო ორმოცდახუთიათასიანი ლაშქარი. საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. "ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე, მალიქი, ექვსასიათასიანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.
1121 წლის აგვისტოს, დიდგორის ბრძოლის დაწყების წინ, მეფე დავითმა სიტყვით მიმართა ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმრთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ"… პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. "ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".
1122 წელს დავით აღმაშენებელმა ტფილისი გაანთავისუფლა და ოთხასწლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა. დავით მეფემ 1106 წელს დაიწყო გელათის მონასტრის მშენებლობა. "მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა"…. შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ჴორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა". გელათის მონასტერი იქცა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად".
მეფე დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: "წინადაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა". მეფე დავითი სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს – "ჟამი რაჲ წვლილთა და ხმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!" – ითხოვდა მეფე დავითი.
დავით მეფემ, სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, და "დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერებით".
1122 წელს ორმოცდაცამეტი წლის ასაკში აღესრულა მეფე დავით აღმაშენებელი – "სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოვანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის".
წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე".
|