999 წლის 31 მარტს (სხვა გადმოცემით ძვ. სტ. 27 აპრილს) ივერთა მონასტრის შორიახლოს, ზღვაში, გაბრიელ ქართველმა ხუცეს-მონაზონმა პირველმა იხილა თავისი მოსაგრეობის ადგილიდან, გამოქვაბულიდან, ივერიისად წოდებული ხატი დედისა ღმრთისა, რომელზეც ზეციდან ცეცხლოვანი სვეტი იყო დაშვებული. ყოვლადწმიდამ სწორედ ამ წმინდა ბერის ხელით ინება ნაპირზე გამობრძანება და იმ დღიდან ივერთა მონასტერიცა და მთლიანად ათონის წმინდა მთაც ამ საკვირველთმოქმედი ხატის მფარველობის ქვეშ მოექცა, ვითარცა ღმრთისმშობლის წილხვედრი.
წმინდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებით როდესაც ივერიის წმინდა ხატი ათონის ნახევარკუნძულს დატოვებს, ბერებმაც სასწრაფოდ უნდა დატოვონ თავიანთი სავანეები და წავიდნენ სადაც სურთ, ოღონდ აღთქმა მონაზნობის წმინდად შეინახონ, რამეთუ მას შემდეგ, რაც ხატი ამ ადგილს დატოვებს დამანგრეველი მიწისძვრებით ათონი ზღვაში შთაინთქმება. ეს იქნება ღმრთისმშობელ მარიამის გაფრთხილება რომ ანტიქრისტე უკვე გამეფდაო ქვეყანაზე.
ათონური წინასწარმეტყველების თანახმად, მას შემდეგ, რაც ხატი ათონს დატოვებს, ივერიაში (დღევანდელ საქართველოში) დაივანებს და სწორედ ამ ხატის საქართველოში მობრძანებასთანაა დაკავშირებული ივერიის გაბრწყინებაც.
დამაფიქრებელია ის წინასწარმეტყველებანიც, რომელიც ამ წმინდა ხატის კანდელიდან ეძლევა კაცობრიობას დღეინდელად დღემდის. ამ ჩაუქრობელ კანდელს, რომლის წინაშეც ბერ-მონაზონთა მორიგეობაა დაწესებული, ეწოდება "კანდელი კარის ღმრთისმშობელისა". თავად მოგვისმენია ერთ-ერთი ათონელი არქიმანდრიტის მონათხრობი, რომელსაც, ჩასთვლიმა რა, კანდელთან შუაღამის მორიგეობისას, გამოეცხადა მარადქალწული და უთხრა: გაიღვიძე, თორემ კანდელი ჩაქრება. შეშინებულმა ბერმა, ოდნავ მბჟუტავი კანდელი განაახლა.
ეს კანდელი გარკვეულ დღეებში ჰორიზონტალზე რიტმიულად ბრუნავს: სასწაული ხდება დიდი და საუფლო დღესასწაულების ღმრთისმსახურებისას, აგრეთვე სადაგ დღეებში _ უფრო ხშირად მოულოდნელად და აუხსნელად. მოძრაობა ხშირდება ღამისთევის ლოცვებზე, განსაკუთრებით მის საზეიმო ნაწილში, როდესაც იგალობება ქება ღმრთისმშობელისა და ტაძრის ყველა კანდელი ინთება.
მონსტერში ღმრთისმსახურებისას კანდელის თვითნებურ ბრუნვას ამგვარად ხსნიან: უეჭველია, რომ ყოვლადწმიდა იმჟამად თავის ტაძარშია უხილავად და მიმართავს იქ მყოფთ: აი ნიში, რომელსაც თქვენ ხედავთ, _ მე თქვენთანა ვარ, ვმონაწილეობ დღესასწაულში და ვხარობ ბერებთან და სტუმარ-ქრისტიანებთან ერთად, როგორც დედა შვილებთან... ხოლო სადაგ დღე ებში აღსრულებული სასწაული (იმავე გადმოცემით) მიანიშნებს, რომ მთელი ქვეყნისთვის განსაცდელი ახლოვდება გლობალური შედეგებით, მაგალითად მიწისძვრა, ომი ან სასიკვდინე ეპიდემია. და კანდელის ეს მოძრაობა _ ნიშია ღვთიური განგებისა ღმრთისმშობლის ლოცვით, დროული გაფრთხილება, რათა შევძლოთ მოსალოდნელი ბოროტების გადატანა, რამდენადაც შესაძლებელია, სინანულითა და ლოცვით და ამგვარად დახსნილ ვიყოთ ღვთის წინაშე.
მთაწმინდელი მამები იგონებენ, რომ 1960 წ. ივერთა მონასტრის 1000 წლის იუბილეზე, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (ეს ტაძრის დღესასწაულიცაა) საკვირველი კანდელი სავედრებელის გალობისას ვიდრე სახარების წაკითხვამდე ნელა ირწეოდა. ეს იდუმალი რწევა კიდევ ორჯერ განმეორდა ლიტურგიაზე.
ათონელი ბერი დოროთე შენიშნავდა, რომ კანდელი დაკავშირებულია "...წმინდა მთის ბედთან. ის თავისთავად, ვინმეს დახმარების გარეშე, მოძრაობს წრიულად, ელიფსზე და წრფეზე. ეს გაფრთხილებაა იმაზედ, რაც უნდა მოხდეს და იგი მნიშვნელოვანია არა მარტო ათონისთვის, არამედ, ასევე, მთელი ქვეყნისთვის".
მთაწმინდელები მოგვითხრობენ: ვიდრე თურქების კუნძულ კვიპროსზე თავდასხმა მოხდებოდა, კანდელი ისე ბრუნავდა სადაგ დღეებში, რომ ზეთი იქცეოდა. ასევე იყო ამერიკა-ერაყის ომის დაწყებამდეც და სომხეთში მიწისძვრამდეც. კანდელი ირწეოდა სომხეთის მიწისძვრამდეც.
ივერთა მონასტრის ბერები თვალყურს ადევნებენ კანდელს და თუ სადაგ დღეებში განსაკუთრებული ძალით ბრუნავს, წმინდა მთის ყველა მონასტერს ამცნობენ, და ამ სავანეთა ტაძრებში გაძლიერებულ სავედრებელ ლოცვებს აღავლენენ ღმრთისმშობლისადმი. განდეგილ ბერებსაც აუწყებენ ამის შესახებ და სთხოვენ მომეტებულად ილოცონ და იმარხულონ, რამეთუ თვით დედა ღმრთისა აფრთხილებს დედამიწაზე თუ ქრისტეს ეკლესიაშია მოსალოდნელ უბედურებაზე.
ივერიის საკვირველთმოქმედი ხატის ეს კანდელი, ჭეშმარიტად ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მუდამ ჩვენთანაა. მის მიერ საცნაური ხდება თუ როგორ სცემს წმინდა მთაზე მთელი მსოფლიოს სასიცოცხლო მაჯისცემა.
მსოფლიოში გავრცელებული ამ საკვირველთმოქმედი ხატის პირები მრავალ სასწაულს ახდენენ. მაგალითად, ათენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა განკურნა მომაკვდავი ჭაბუკი, ილია მელისურგოსი. მადლიერმა დედამ ოქროს სამაჯური შესწირა და შენაწირი დღ ემდე ამშვენებს ხატს. ამერიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა, რომელიც რუსეთიდან ჩამოაბრძანეს 1960 წელს, ცრემლდენა დაიწყო. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აუწყა მსოფლიო საპატრიარქოს. ამ ხატთან მღვდლებმა გიორგი და ქრისტო კონდოლეონტმა რვა თვის მომაკვდავი ჩვილის მატიადა სტაფასთვის აღავლინეს სავაედრებელი პარაკლისი, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ხატიც სწორედ იქ მიასვენეს. პარაკლისის დამთავრებისთანავე ჩვილს პირიდან სისხლისდენა შეუწყდა, სახის კანმა ბუნებრივი ფერი დაიბრუნა, მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ მატიადამ შეძლო ჭამა, მოძრაობა და მალე განიკურნა. ამ სასწაულმა მაშინ მთელი ამერიკა შეძრა და ათასობით მორწმუნემ მიაშურა ამ ხატს მოსალოცად.
საბერძნეთში, სოფელ ჰერა მალიტინში, მღვდელ მიქაელ პაკაკლისს ოცი წლის პარალიზებული ქალიშვილი დესპინელა ჰყავდა. მოძღვარს სახლში ივერიის ღმრთისმშობლის ფოტოასლი ჰქონდა. ცრემლმორეულმა მამამ მთელი ღამე ხატის წინაშე მხურვალე ლოცვებში გაატარა და ქალიშვილის განკურნებას თხოვდა. გათენებისას დესპინელა სრულიად განიკურნა. მადლიერმა მამამ განკურნების შესახებ წერილობით ამცნო ივერთა მონასტრის საძმოს და ჰმადლობდა ყოვლადწმიდას.
ასევე ცნობილია ივერიის ღმრთისმშობლის ხატები: მოსკოვის კარის ღმრთისმშობელი, ივერიის ვალდაის ხატი, მოზდოკის ივერიის ღმრთისმშობელი, რომელიც თამარ მეფემ თავდაპირველად მარიამ-კაუს აულს შესწირა, სადაც მან ტაძარი ააგო, იმ მრავალ სხვა ტაძართან ერთად, რომელნიც კავკასიაში აღაშენა. მოგვიანებით თვით ღმრთისმშობელმა ინება ეს ხატი ქ. მოზდოკში დავანებულიყო, სადაც უამრავი კურნება-სასწაული აღასრულა არა მარტო მართლმადიდებელ მორწმუნეებზე, არამედ თვით კათოლიკებსა და მაჰმადიანებზეც. ასე მაგალითად, როდესაც შამილი მოზდოკს მიადგა იერიშისთვის, მას თეთრად მოსილი ქალწული გამოეცხადა და უბრძანა ხელი არ ეხლო ქალაქისთვის. ამ ხატმა მორწმუნეთა თხოვნით მთელი კავკასია მოიარა და იგი კავკასიის მფარველად ითვლებოდა.
ბოლო დროს განსაკუთრებულად განითქვა ივერიის მონრეალის მირონმდინარე ხატი, რომელიც 1981წ. ათონელმა ბერმა მოხატა. ამ სასწაულთმოქმედი ხატის ბედი დაკავშირებულია ესპანური წარმოშობის ჩილელ მართლმადიდებელთან იოსებ მუნიოზთან.* ამ ხატიდან მთელი წლის განმავლობაში უხვად მოედინება სურნელოვანი მირონი და წყდება მხოლოდ ვნების შვიდეულში: ბზობის დღე სასწაულიდან ბრწყინვალე აღდგომის წინა დღემდე, დიდ შაბათამდე. ეს ხატი ხოზე მუნიოზის თანხლებით თითქმის მთელს დედამიწაზე მოგზაურობდა და ყველგან უამრავ სასწაულსა და კურნებას ახდენდა...
1995წ. მართლმადიდებლური მოსკოვი თავისი არსებობის მანძილზე მეორედ შეხვდა ათონიდან მობრძანებულ ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, რომელმაც თავისი უწინდელი ადგილი დაიკავა და კვლავ მოსკოვის კარის ღმრთისმშობლად იწოდა.
1988წ. სიყვარულის მოციქულის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ათონის წმინდა მთიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩამობრძანდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ახალი პირი, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თხოვნითა და ლოცვა-კურთხევით ათონელმა ბერებმა მოხატეს და დღეს სიონის ივერიის ღმრთისმშობლად იწოდება. ათიათასობით ადამიანი მოჰყვებოდა ფეხით ამ ხატს აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე _ ეს იყო მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი ზეიმი ივერიის უძველეს მიწაზე.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი თავის შესანიშნავ წიგნში "უხილავი ბრძოლა" წერს:
"უმზერ რა ყოვლადწმიდის ხატს, მთელი გულით მიისწრაფი მისკენ, რომელიც სამოთხეში სუფევს და ჰმადლობ მას, რამეთუ მან ჰშვა და აღზარდა მხსნელი ქვეყნისა, რამეთუ ჩვენს უხილავ ბრძოლებში არ მოგვაკლებს იგი თავის შეწევნასა და მეოხებას, ამინ".
|