წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და თან ახლდა მას მოგზაურობებში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრე და პავლე მოციქულებმა იროდიონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას და ცემა დაუწყეს. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.
წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (+67) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა აგაბოს წინასწარხედვის ნიჭი ჰქონდა მომადლებული. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდის მეფობისას (საქმე 11, 27-28) და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.
მოციქული რუთოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,11), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე (რომ. 16,14) - გირკანიის ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე - მარათონის (რაკია), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია სამოცდაათთაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილიპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).
ყველა მოციქული სასტიკად ეწამა ქრისტესთვის და მოწამეობრივად აღესრულა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
|