ტაძარი
ტაძარი სამ ნაწილად იყოფა: სტოა, შუა ტაძარი და საკურთხეველი. ტაძრის შესასვლელს
სტოა ეწოდება. შუა ტაძარში მორწმუნენი დგანან და ლოცულობენ. საკურთხეველი ტაძრის
მთავარი ნაწილია. მღველმსახურნი წირვა-ლოცვას საკურთხეველში ასრულებენ.
საკურთხეველი, კანკელი
საკურთხეველი შუა ტაძრიდან კანკელითაა გამოყოფილი. კანკელის წინა, ამაღლებულ მხარეს
ამბიონი ეწოდება. იგი შუა ტაძარზე რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კანკელზე, წესისამებრ,
სულ 4 ხატია დაბრძანებული: მარჯვენა მხარეს - მაცხოვრის, ხოლო მარცხენა მხარეს -
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის. მაცხოვრის ხატის გვერდით დაბრძანებულია ხოლმე იმ წმინდანის
ხატი, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარი. ღვთისმშობლის ხატის გვერდით კი რომელიმე
დიდი წმინდანის ხატს გამოსახავენ. კანკელის შუაში არის კარები, რომელსაც სამეუფო
კარი ეწოდება. ამ კარით საკურთხეველში შესვლა მხოლოდ სასულიერო პირებს შეუძლიათ და
ისიც მხოლოდ ღვთისმსახურების დროს. ტაძარს იმგვარად აგებენ, რომ საკურთხეველი აღმოსავლეთით
იყოს მიმართული. არსებობს ასეთი ქრისტიანული ტრადიცია, რომ როდესაც მორწმუნე უფლისადმი
ლოცვებს აღავლენს, პირს აღმოსავლეთის მხარეს იბრუნებს - წმინდა ქალაქ იერუსალიმისკენ.
სახლშიც მორწმუნენი ცდილობენ, ხატების კუთხეც აღმოსავლეთ კედელზე განათავსონ.
საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელთან არის ამაღლებული ადგილი, რომელსაც მაღალდასაჯდომელი
ეწოდება. სიმბოლურად იგი ტაძარში იესო ქრისტეს სამყოფელს განასახიერებს. შუა საკურთხეველში
დგას წმინდა ტრაპეზი, რომელზეც სრულდება წმინდა ზიარების საიდუმლო.
წმინდა ტრაპეზი, ოდიკი
ტრაპეზზე აუცილებლად დაბრძანებულია ოდიკი, რომლის გარეშეც წირვა-ლოცვა არ სრულდება.
ოდიკს უწოდებენ აბრეშუმის ქსოვილს, რომელზეც ამოქარგულია მაცხოვრის გარდამოხსნა ჯვრიდან.
ოდიკში აუცილებლად არის ჩაკერებული წმინდა ნაწილი.
ტრაპეზის უკან აუცილებლად დგას შვიდტოტა სასანთლე; ტრაპეზზე - ჯვარი, ტრაპეზის სახარება,
საცეცხლური და სანაწილე, სადაც ინახება წმინდა ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად
საჭირო ნივთები.
სამკვეთლო
საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სამკვეთლო. სამკვეთლოში მღვდელმსახური კვეთს
სეფისკვერებს: სეფისკვერებიდან ლახვრით იღებს მცირე ნაწილებს ცოცხალთა და მიცვალებულთა
სახელებზე. ამ მოქმედებით ხდება მათი მოხსენიება უფლის წინაშე. სამკვეთლო ტაძრის
შუა ნაწილიდან გამოყოფილია კარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი.
სადიაკვნო
საკურთხევლის მარცხნივ განთავსებულია სადიაკვნო, სადაც მღვდელმსახურთა შესამოსელი
ინახება. სწორედ აქ იმოსებიან სასულიერო პირნი საღვთისმსახურო შესამოსელით წირვა-ლოცვის
დაწყებამდე. მხოლოდ პატრიარქი საგანგებო წესის მიხედვით იმოსება შუა ტაძარში. ასევე
იმოსება ეპისკოპოსიც იმ შემთხვევაში, თუკი იგი ასრულებს წირვა-ლოცვას. სადიაკვნო
ტაძრის შუა ნაწილიდან გამოყოფილია კარით, რომელზეც გამოსახულია მთავარანგელოზი გაბრიელი.
|