მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღწერს გრავიტაციულ ურთიერთქმედებას სხეულებს შორის. ამ კანონის ავტორი ისააკ ნიუტონია. იგი უდიდესი გერმანელი ასტრონომისა და მათემატიკოსის იოჰან კეპლერის კანონებს ეყრდნობოდა.
არსებობს ლეგენდა, რომ ერთხელ, როდესაც ისააკ ნიუტონი თავის ბაღში ვაშლის ხის ქვეშ იჯდა ჩამოვარდა ერთ-ერთი ვაშლი და ფიზიკოსის ახლოს (შესაძლოა თავზეც კი) დაეცა . სწორედ ეს ფაქტი დაედო საფუძვლად ნიუტონის მოსაზრებას, რომ არა მარტო დედამიწასა და ვაშლს, არამედ სამყაროში არსებულ ყველა სხეულებს შორის არსებობს მიზიდულობა. ამ მოვლენას მან მსოფლიო მიზიდულობა უწოდა.
მსოფლიო მიზიდულობის ძალა არის ის ძალა, რომლითაც სამყაროში არსებული სხეულები იზიდავენ ერთმანეთს.
ნიუტონი მიხვდა, რომ ვაშლის ჩამოვარდნა და დედამიწის ირგვლივ მთვარის მოძრაობას ერთი და იგივე მიზეზი განაპირობებს. ასევე, ერთმანეთს იზიდავენ მზე და პლანეტები. ისინი მოძრაობენ მზის გარშემო მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით დედამიწაზე, მზისა და მთვარის მიზიდულობის გამო, ხდება ოკეანეების მიქცევა და მოქცევა. ამის გამო ზოგჯერ მდინარეც კი, შესართავთან, მცირე ხნით, აღმა იწყებს სვლას. მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით სხეულები მოქმედებენ ერთმანეთზე ისე, რომ არ ეხებიან ერთმანეთს.