სკვნილი
ალბათ გინახავთ, რომ სასულიერო პირებს თუ ჩვეულებრივ მორწმუნეებს სხვადასხვა
ზომის ბურთულებისაგან შედგენილი და ჯვრით დაბოლოებული სამაჯური აქვთ. ეს განა
სამკაულია? თუმცა ერთხანს საქართველოში მას ამ დანიშნულებითაც ხმარობდნენ. ეს არის
ლოცვების დასათვლელი სკვნილი ანუ კრიალოსანი*. საბჭოთა პერიოდში, როცა ხელისუფლება
სარწმუნოებას დევნიდა, უმრავლესობამ დაივიწყა ღმერთი, ლოცვა და აღარც სკვნილი
სჭირდებოდათ. ამიტომ იგი ერთგვარ სამკაულად, თავშესაქცევ ნივთად იქცა:
ნახევრადძვირფასი ქვის ბურთულებისგან (მარცვლებისგან) დამზადებული სკვნილის პატრონი
თითო ბურთულის ერთი ხელიდან მეორეში გადატანით თავს იქცევდა.
როგორ გაჩნდა სკვნილი?
IV საუკუნეში ცხოვრობდა ცნობილი სასულიერო პირი წმინდა პახომი დიდი. მან
პირველმა დააარსა მონასტერი და შექმნა ბერების თანაცხოვრების (ანუ სამონასტრო)
წესები. იმ დროს ძალიან ბევრმა წერა-კითხვა არ იცოდა. ამიტომ წმინდა პახომიმ ბერებს
მოკლე ლოცვა ზეპირად დაასწავლა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე
ცოდვილი“. ამ ლოცვას „იესოს ლოცვა“ ეწოდება. „იესოს ლოცვის“ დასწავლა ადვილი იყო,
მაგრამ წმინდა პახომი თავის მოწაფეებსა და სულიერ შვილებს ავალდებულებდა, მათი
შესაძლებლობების მიხედვით, დღისა და ღამის განმავლობაში ეს ლოცვა გარკვეული
რაოდენობით წარმოეთქვათ, რათა უფლის სახელი მუდამ ჰქონოდათ გულში, გონებასა და
ბაგეებზე. ბერებს ათასჯერ და მეტჯერ უნდა ეთქვათ „იესოს ლოცვა“. ამიტომ საჭირო
გახდა მისი დათვლა. დასათვლელად კი გამოიყენეს კვანძებიანი და ნასკვებიანი თოკი,
რომელმაც ბოლოს დღევანდელი სკვნილის სახე მიიღო. როცა მლოცველი ლოცულობს, თითო
მარცვლის (ბურთულის) გადაადგილებისას თითოჯერ წარმოთქვამს ლოცვას, რაც ძალიან
აადვილებს თვლას.
სკვნილს უწოდებენ ქრისტიანის სულიერ მახვილს, რომლითაც იგი ბოროტს ებრძვის.
სკვნილს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა რაოდენობის მარცვლები: 10, 30, 33, 50,
100, 150, 300. ათმარცვლიან სკვნილს უწოდებენ ბეჭედს, 30-იანი სიმბოლურად
განასახიერებს ქრისტეს ასაკს, როცა მან ქადაგება დაიწყო, 33-იანი კი წლოვანებას,
როცა იგი ჯვარს აცვეს; 50-იანი სკვნილი მთავარანგელოზ მიქაელისა და მოციქულების
სალოცავია, 150-იანი უკავშირდება ღვთისმშობელს. ადრე 300 მარცვლიანი სკვნილებიც
ყოფილა.
სკვნილისათვის იყენებენ შალის ძაფს. გადმოცემით, თითოეული ნასკვის მოქსოვისას
მქსოველი ქრისტეს ეკლის გვირგვინს წნავს. სკვნილი აუცილებლად ჯვრით უნდა
ბოლოვდებოდეს, ან ზედ გარკვეული ფორმის ჯვარი უნდა იყოს მოთავსებული. ხშირად ჯვარი
ფოჩებით ბოლოვდება. ტრადიციულად, ფოჩები თორმეტი იყო (დღეს რაოდენობას ყურადღება
აღარ ექცევა) და ქრისტეს თორმეტ მოწაფეს ანუ მოციქულს განასახიერებდა.
სკვნილი შალის ძაფის გარდა სხვა მასალისგანაც მზადდება. მაგალითად, იხმარებოდა
და დღესაც იხმარება: ფინიკის, ზეთისხილის კურკები, სხვადასხვა მცენარე (მაგალითად,
ჩალამძივი, რომელსაც ჩვენში ღვთისმშობლის ცრემლებს ეძახიან), სადაფი
(იერუსალიმური), მარჯანი, მარგალიტი, ძოწი (ევროპული), ძვალი, ხე (ხის სკვნილებით
ათონის მთის ბერები იყვნენ ცნობილნი), ქარვა, გიშერი (ქარვასა და გიშერს
აღმოსავლეთსა და ჩვენში მეტად ფართოდ იყენებდნენ. იმერეთში გიშრის მდიდარი
საბადოები არსებობდა და ეს მხარე განთქმული იყო გიშრის სკვნილებით. აქ ერთ სოფელს
საგიშრეც კი ერქვა). სკვნილებს ძველად ვარდის ფურცლებისგანაც ამზადებდნენ. ვარდის
ფურცლებს ნაყავდნენ, გარკვეული ხნით ტენიან ადგილზე დებდნენ. შემდეგ ასეთი მასისგან
აკეთებდნენ ბურთულებს, ხვრეტდნენ მათ, მზეზე ახმობდნენ, ძაფზე ააცვამდნენ და
სკვნილიც მზად იყო, რომელიც სასიამოვნო სუნს გამოსცემდა.
სკვნილი გვეხმარება ლოცვაში, ე.ი. ღმეთთან საუბარში, სიახლოვესა და კავშირში.
უნდა გვახსოვდეს, რომ სკვნილის ხმარება მოძღვრის კურთხევის, მისი ნებართვის გარეშე
არ შეიძლება.
*კრიალოსანი
- წარმოდგება ბერძნული სიტყვებიდან „კირიე ელეისონ“, რაც ქართულად ნიშნავს „უფალო,
შეგვიწყალენ“. ვინაიდან სკვნილს ხშირად ამ ლოცვის დასათვლელად ხმარობდნენ, მეორე
სახელწოდება აქედან შეიძინა. გამოყენებული წყარო:
ნინო ღამბაშიძე,
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№55, 2002
|